„გრინსერვისის" ხელმძღვანელი: პასუხისმგებელი ვარ იმ სამუშაოზე, რაც ჩავატარეთ. წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს

„გრინსერვისის“ ხელმძღვანელმა ლაშა ფურცხვანიძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ხანგრძლივი გამოკითხვის შემდეგ პოლიცია დატოვა.

მისი განცხადებით, გატარებულ სამუშაოეზე პასუხისმგებლობას იღებენ, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ტრაგედიის უკან, წინასწარ განსაზღვრული ქმედებაც იყოს.

  • „მთავარი კითხვები იყო შესრულებული სამუშაოს შესახებ და უბედური შემთხვევის შესახებ. პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ, სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული, ყველა საბუთი არსებობს და ეს ნახეს უკვე პოლიციაში და გამოძიება დაადგენს.

შემოწმებული იყო, ვიდრე ჩამოვიდოდა ეს აპარატურა საქართველოში, შემოწმებული იყო, ამის ტესტირება და რეპორტები არსებობს და დევს ესეც პოლიციაში. ძალიან არ მინდა ვთქვა, ერთადერთ რაღაცას ვიტყვი, წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს, სხვას მე ვერაფერს ვიტყვი, უკვე გამოძიება დაადგენს.

ჩვენი თანამშრომლები წინა დღესაც მუშაობდნენ, 3 საათი მუშაობდნენ აუზში, ჩართულში ამოწმებდნენ და ასწორებდნენ და მეტსაც გეტყვით, ძაღლი ჩახტა სამჯერ, კადრებიც არის.

ჩვენ 2 თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმი გვქონდა, ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.

მე ერთ შემთხვევას თუ მეტყვით, როდესაც აუზში ჩასულს ვინმეს დენმა დაარტყა, მაშინ მეც დავფიქრდები, მაგრამ მიშას დროიდან, როდესაც შადრევნები კეთდებოდა, არცერთი ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა...

გამოძიებას თუ დასჭირდა, რა თქმა უნდა მოვალ და ვითანამშრომლებ. იმაზე მეტ სასჯელს მე ვერავინ მომისჯის, რაც ღმერთმა მთელი სიცოცხლის ბოლომდე სატარებლად უკვე მომისაჯა, მე თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, მაგრამ ის პატარა უმწიკვლო არსება, რომელიც გარდაიცვალა, სიცოცხლის ბოლომდე იქნება ჩემს სასჯელად.

მანამდე ყველაფერი მწყობრში იყო, ძალიან ბევრი დამთხვევაა და ძალიან ბევრი რამ ასე არ ხდება.

გვქონდა დაყენებული, ტესტირების რეპორტი არსებობს, მე გეტყვით, რომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი პირადად გაჟონვის ღელე, ასე ქვია, რომელიც თანხაში გეტყვით და მიხვდებით, ღირს 300 ლარი და არცერთი თავმოყვარე კომპანია კი არა, აი ბოლო კომპანია არ გააკეთებს იმას, რომ შადრევანში, რომელშიც დენია, არ დააყენოს გაჟონვის ღელე.

ძალიან მაინტერესებს ექსპერტიზამ დაადგინოს რა მოხდა, ესეთი რამ მანამდე არ მომხდარა ბოლო რავიცი რამდენი წლის განმავლობაში, ნუ ჩემი გადმოსახედიდან 25 წლის განმავლობაში არასოდეს მომხდარა, არაერთი შადრევანი გაგვიკთებია და ასეთი რამ არ მომხდარა“, - აცხადებს ლაშა ფურცხვანიძე „რუსთავი2“-ის ცნობით.


ლაშა ფურცხვანიძის და გიგა გიგაშვილის ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოკითხვა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახა მურადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის 100-მდე პირია დაკითხული.


13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. 

სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორ ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

  • გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.